onlain sesxebi - ყველა

ფინანსური დაპირებები, რომლებიც ჩვენს თავს 2019 წელს უნდა მივცეთ

ფინანსური დაპირებები, რომლებიც ჩვენს თავს 2019 წელს უნდა მივცეთ

ნუ იმედოვნებთ, რომ თოვლის ბაბუა საახალწლოდ ყველა ფინანსურ პრობლემას მოგიგვარებთ. საქმეს ხელი თავად მოკიდეთ, რათა 2020 წელს მეტად ბედნიერი შეხვდეთ. გთავაზობთ 5 დაპირებას, რომელიც აუცილებლად უნდა მისცეთ საკუთარ თავს და შეასრულოთ კიდეც:

1. ვალების გასტუმრება
მათი დაფარვის გეგმა მაინც უნდა შეადგინოთ. ზოგიერთ კრედიტს ვერსად გავექცევით. დილის ყავაზე უარის თქმით ძნელად თუ დავზოგავთ 20-წლიანი იპოთეკის გადახდის ფულს. მაგრამ ვარიანტები ყოველთვის არსებობს. მაგალითად, თანხის დროზე ადრე შეტანა ამცირებს სესხის ვადასა და სავალდებულო გადასახადს.

2. საკრედიტო ბარათის გაუქმება
ან მინიმუმ მასზე არსებული დავალიანების დაფარვა. საკრედიტო ბარათი მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია, მას კი თქვენ იყენებთ. შეგიძლია ბანკისგან უპროცენტო სესხი აიღო ან ვალებში ჩავარდე.

თუ განსაკუთრებული ფინანსური დისციპლინით არ გამოირჩევით და საკრედიტოზე დავალიანება დაგიგროვდათ, იგი სასწრაფოდ უნდა "მოიშოროთ". ახალი წელი კი ამისათვის კარგი დასაწყისია.

3.გადასახადების ავტომატიზება
დავალიანებაზე უარესი მხოლოდ ვადაგადაცილებული დავალიანებაა. თუ დროულად არ ფარავთ ვალდებულებას, ჯარიმები და საკრედიტო ისტორიის გაფუჭება გელით.

ვადაგადაცილება ხშირად მხოლოდ დავიწყების გამოც ხდება. ეს პრობლემა კი შეგიძლიათ ყოველთვიური გადასახადების ავტომატიზებით მოაგვაროთ.

4. სარეზერვო ფონდის გაზრდა
ან მისი შექმნა, თუ აქამდე, ჩვენი მრავალი რჩევის მიუხედავად, ეს არ გაგიკეთებიათ. სარეზერვო ფონდი აბსოლუტურად ყველას სჭირდება. ის დაგეხმარებათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში და ვალში ჩავარდნისგან გიხსნით.

ჩვეულებრივ სარეზერვო ფონდი სამი თვის შემოსავლის ოდენობით ფორმირდება. ამ ფულით მოუწევს თქვენს ოჯახს ცხოვრება, თუ უცბად რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა.

5. უაზრო ხარჯებზე უარის თქმა
ალბათ გაგაჩნიათ გასავლის გარკვეული ნაწილი, რომელშიც ფული ტყუილად იხარჯება. მაგალითად, შეიძინეთ ერთწლიანი აბონიმენტი ფიტნეს ცენტრში და იქ მხოლოდ სამჯერ გამოჩნდით. ან საგანმანათლებლო კურსებში გადაიხადეთ და კვლავ ვერ გამონახეთ დრო. ან ჩართეთ ძვირადღირებული მობილური ტარიფი 100500 წუთი სასაუბრო დროით, თავად კი წელიწადში ერთხელ რეკავთ.

ეს უნდა შეცვალოთ და შედეგს თქვენს ჯიბეზე იგრძნობთ.